ყველა სტატია

გუწუზე თევზაობა

გუწუ გამორჩეულად საინტერესო და ძლიერი ობიექტია მეთევზეებისთვის. მასზე ძირითადად ტივტივიანი ანკესით თევზაობენ, ხოლო უფრო იშვიათად ფსკერული მეთოდებითა და ფიდერით. წარმატებული თევზაობისთვის პირველ რიგში წყალსატევზე ამ თევზის ბინადრობის სავარაუდო ადგილების პოვნაა საჭირო. როგორც წესი, ეს ის ზონებია, სადაც წყალმცენარეების მაქსიმალური და მჭიდრო კონცენტრაციაა. ერთი შეხედვით დაჭაობებული და თევზის ცხოვრებისთვის უვარგისი გარემო გუწუსთვის ჩვეული საბინადრო სივრცეა. იმ წყალსატევებზე კი, სადაც წყალმცენარეები ნაკლებადაა, იგი წყალქვეშა თავშესაფრებთან, ჩაძირულ ხეებთან, ბუჩქებთან ან ციცაბო ნაპირებთან უნდა ვეძებოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ გუწუ ძალიან ფრთხილი თევზია, ამიტომ მის საჭერად შორი ტყორცნა და კარგი მასკირებაა აუცილებელი. გამოცდილი მეთევზეები სათევზაო ადგილს წინასწარ, ერთი დღით ადრე ამზადებენ. ისინი წყალში შედიან და წყალმცენარეთა შორის ფოცხით დაახლოებით 2x2 მეტრის მონაკვეთს ათავისუფლებენ, რის შემდეგაც ამ ადგილს კვებავენ. დამატებითი საკვები გუწუს წარმატებული ჭერისთვის სავალდებულო პირობაა. მის მოსამზადებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი საიდუმლო არსებობს:

დამატებითი საკვები აუცილებლად უნდა გაჯერდეს ტკბილი ატრაქტანტებით (როგორიცაა თაფლი, მარწყვი ან ტუტი-ფრუტი). ხაჭო (თუნდაც ოდნავ ამჟავებული) საგრძნობლად ამაღლებს გუწუს აქტიურობას. დაკვება ხდება ერთ ეტაპად და თევზაობის პროცესში დამატებითი საკვების ჩაყრა რეკომენდირებული არ არის. გამოცდილი რეცეპტის მიხედვით, დამატებითი საკვები შედგება 2 კგ დაფშვნილი კოპტონისგან, 1 კგ ქატოსგან, 500 გ ხაჭოსა და ტკბილი ატრაქტანტისგან.

ტივტივათი თევზაობისას შეიძლება გამოყენებულ იქნას ტელესკოპური ანკესი, თუმცა 20–25 მეტრიანი შორი ტყორცნისთვის გაცილებით მოხერხებულია მატჩური ანკესი. ვინაიდან გუწუ თავისივე ზომის კობრზე გაცილებით ძლიერი და შეუპოვარი მებრძოლია, ანკესის მონტაჟიც შესაბამისი სიმტკიცის უნდა იყოს: 4–4.5 მეტრიანი ჯოხი, 4000-5000 სერიის კოჭა, 0.25–0.3 მმ-იანი ძირითადი ძუა და 0.18 მმ-იანი სადავე. იმ ადგილებში კი, სადაც წყალმცენარეები მცირეა და ფიდერით თევზაობენ, სატყუარად ხშირად სწორედ ზემოაღნიშნული ტკბილი ატრაქტანტებით გაჯერებულ ბოილებს იყენებენ.

სეზონის მიხედვით იცვლება სატყუარაც: სეზონის დასაწყისში მეთევზეები წითელ ჭიას იყენებენ, ხოლო წყალსატევში წყალმცენარეების მატებასთან ერთად უფრო წარმატებული მცენარეული სატყუარები მაგალითად ტკბილი სიმინდი, ტკბილი მუხუდო, მანის თქვეფილი და სხვა ვარიანტები ხდება.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს გუწუს ჩარტყმის თავისებურება. ტივტივა თითქოს ცოცხლდება, ოდნავ შესამჩნევად ტოკავს და უმნიშვნელოდ იძირება. თუ მოთმინება არ გეყოფათ და ნაადრევ ამოკვრას გააკეთებთ, გარანტირებულად დაკარგავთ ნადავლს და თევზსაც დიდი ხნით დააფრთხობთ. ამიტომ აუცილებელია მოთმინების შენარჩუნება და ტივტივის სრულად ჩაძირვის ან სხვა აშკარა ჩარტყმის ნიშნისთვის დალოდება.

ავტორის შესახებ

მაცი ბუხრაშვილი

გამოქვეყნდა

მეთევზე მკვლევარი