ენციკლოპედია
შავყელა ღორიხვა

ფოტო: Alexander Yakovlev (CC-BY-NC) · iNaturalist

შავყელა ღორიხვა

Arctic loon

Gavia arctica

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

1.3–3.4 kg

📍

საქართველოში აღმოჩენილია 488 ჩანაწერი.

ხმა

call · Storsjö, Berg Municipality, Jämtlands län, Sweden · Lars Edenius (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1140018

აღწერა

შავყელა ღორიხვა, შავგულა ღორიხვა (ლათ. Gavia arctica) — ფრინველი ღორიხვასნაირთა რიგისა. დიდი ზომის წყალმცურავი ფრინველია; მისი სხეულის სიგრძეა 58–73 სმ, ფრთების შლილი 113–130 სმ, მასა 1316–3400 გრამი. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ევრაზიის ტუნდრიდან ტყესტეპამდე ზონაში, აღნიშნულია ალასკის უკიდურეს დასავლეთ ნაწილშიც; იზამთრებს სამხრეთით, ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ (მ. შ. შავ და კასპიის ზღვებზე) და წყნარი ოკეანის დასავლეთ სანაპიროებზე. საქართველოში იშვიათია, გვხვდება ზამთარში და გადაფრენისას. მიწაზე სიარული არ შეუძლია, მხოლოდ დაბობღავს; წყლის ზედაპირიდან ასაფრენად გრძელ მანძილზე გამოქანება სჭირდება. აქვს სწორი მუქი ნისკარტი, არამობუდარის მუქი ზურგი, მობუდარს — თეთრლაქებიანი (გარდიგარდმოზოლებიანი) შავი ზურგი, თავი და კისერი რუხია, ყელი — შავი, ქვემოდან შემოვლებული თეთრი ზოლით, კისრის ქვემო და ჩიჩახვის ზემო ნაწილი შავია, ტანის ქვედა მხარე თეთრი. ბინადრობს ტბებზე, დიდ მდორე მდინარეებზე, დელტებზე და ზღვაზე. ხმა — ძლიერი კივილი, რომელიც მოაგონებს კვნესას ან ხარხარს, და დაბალი „გაგა“. დებს 1–3 (ჩვეულებრივ 2) ზეთისხილისფერ-ყავისფერ კვერცხს შავი წინწკლებით. კრუხობს ორივე მშობელი, ინკუბაცია 28–30 დღე გრძელდება. ბარტყების გამოკვებაზეც ორივე ზრუნავს. 60–65 დღეში ფრენას იწყებენ. იკვებება თევზებით, კიბოსნაირებითა და წყალმცენარეებით.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ღორიხვასნაირნი
ოჯახი
ღორიხვასებრნი
გვარი
ღორიხვა
სახეობა
შავყელა ღორიხვა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)