ქარიყლაპიაზე სპინინგით

ვის არ უნახავს დილით მსუბუქ ნისლში გახვეული ტბა? ამომავალი მზის მოელვარე ნათება? ხან ერთ, ხან მეორე ადგილას დამფრთხალი ლიფსიტების ჯგრო და მტაცებლის მძიმე ტყლაშანი წყლის ზედაპირზე, ეს უტყუარი მაუწყებელია — ქარიყლაპია ნადირობს! აქ ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე აზარტულ მტაცებელს, ქარიყლაპიას. არა ერთი ჩემპიონატის ფორვარდი და სპორტსმენ - სპინინგისტების საყვარელი ნადავლი, თევზი მონსტრი რომელიც 35კგ აღწევს.
ეხლა კი უშუალოდ საქართველოში მობინადრე ქარიყლაპიის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქარიყლაპია არ განსხვავდება რუსი მოძმისაგან, რაღაც სხვაობა მაინც არის. არა გენეტიკაში, არამედ ჩვევებში. საქართველოში მისი ბინადრობის არეალი ძირითადად დაბალახებული ღელეებია, მცირე სირღმის ტბორები, ჭაობები, ლაფოები ჩხერები და სხვა მრავალი მცირე სირღმის წყალსატევები, რომელთა სირღმეც იშვიათად თუ აღემატება 1.5მ. ძირითადი საკვებია ბაყაყი, გამბუზია და სხვა მრავალი მომცრო თევზი. თუმცა არც დიდ ეგზემპლარებს იწუნებს და გაჭირვების შემთხვევაში კანიბალიზმზეც კი გადადის. სწორედ ესეთი რაციონისა და ბინადრობის არეალის გამო, ისეთ ზომებს, როგორსაც ჩრდილოეთ ევროპაში და ამერიკაში, ჩვენი არ აღწევს. პირადად მე, არ მინახავს 5კგ-ზე მეტი დაეჭიროს ვინმეს, თუმცა მჯერა რომ 7-8კგ მონსტრები ჩვენთან იქნება და მათი დაჭერა რეალურია! ასევე მინდა ავღნიშნო რომ ყველა დიდი ეგზემპლარი მდედრია, მამრი იშვიათად თუ აღწევს 1.5კგ მეტს.
ჩვენთან ბალახების დიდი რაოდენობის გამო, ყველაზე მიზანმიმართულია კავდამცავიანი სატყუარების გამოყენება (უზაცეპო), ასევე ზედაპირული სატყუარების (ვოლკერი, პოპერი, გლისერი). ესენი საშუალებას იძლევიან ისეთ რთულ ადგილებში გატარებისა რომლებშიც უბრალოდ სხვა სატყუარას ფიზიკურად ვერ გავატარებთ. ძირითადი მანძილი ბალახიდან წყლის ზედაპირამდე 20-30სმ მოიცავს. ასევე უნდა აღინიშნოს რომ სწორედ ესეთ რთულ ადგილებს ანიჭებს ქარიყლაპიაც უპირატესობას. ეს აგრესორი, არ გავს სხვას. შევადაროთ ორი მტაცებელი, სუფთა აგრესორი, რომელიც თითქმის ყოველთვის უშუალოდ თევზით იკვებება. ორაგული და ქარიყლაპია. მაგრამ, ამასთანავე სრულებით განსხვავებული ნადირობის მეთოდიკა გააჩნიათ. ორაგული მუდმივ მოძრაობაში იმყოფება, ხშირად დასდევს მსხვერპლს დიდ მანძილზე, იერიშს აწარმოებს ქვემოდან დიდი სიჩქარით და შეუძლია საკმაოდ დიდხანს სდიოს მას. ქარიყლაპია არ დასდევს მსხვერპლს მთელ მიდამოზე. ის ირჩევს საფარს, ინიღბება და ელოდება. ხოლო ბოლო მომენტში სწორედ საფარიდან აკეთებს იერიშს. რატომ იყენებს ეს ორი მტაცებელი ნადირობის სრულიად განსხვავებულ მეთოდიკას? საქმე ანატომიაშია.
თუ კი ჩვენ დავაკვირდებით ორაგულის ფილეს, კანის ქვეშ აუცილებლად შევნიშნავთ მუქ-მოყავისფრო თხელ საფენს. ეს საკუნთე მასაა რომელიც გამოიყენება მტაცებლის მიერ მსხვერპლის მოსაპოვრად და შესაძლებლობას აძლევს საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნოს დევნის სწრაფი ტემპი. საკუნთე მასა საჭიროებს მუდმივ სისხლის მიმოქცევას, რაც განაპირობებს მის მოყავისფრო ფერს. ქარიყლაპიას კი არ გააჩნია არავითარი მოყავისფრო საკუნთე მასა. მისი შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია. თუ კი შეიძლება ორაგული შევადაროთ მგელს, რომელსაც შეუძლია დიდხანს სდიოს მსხვერპლს, სანამ არ მოიგერიებს მას, ქარიყლაპია უდავოდ გეპარდია, სპრინტერი რომელსაც სწრაფი იერიშით შეუძლია საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოინადიროს. მაგრამ არა დიდ დისტანციაზე. ხშირ შემთხვევაში იერიშის დროს ქარიყლაპია აცილებს სატყუარას პირს. თქვენ მას აუცილებლად დაიჭერთ მეორე-მესამე გატარებაზე. მთავარია ქარიყლაპიის საფარი ნაპოვნი იყოს! ის მას არ ტოვებს!
ქარიყლაპია საფარში.
არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც ქარიყლაპია დამიჭერია, ზუსტად იგივე საფარში რამოდენიმე დღეში დამიჭერია მეორე. მისი საფარი სხვამ დაიკავა. არსებობს მოსაზრება რომ ქარიყლაპია ისევე როგორც სხვა დანარჩენი თევზი შუადღეს არააქტიურია. პირადი დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა რომ ქარიყლაპია მთელი დღის მანძილზე ნადირობს, რა თქმა უნდა არსებობს ზედმეტ – ნაკლებობა. დილით, გარიჟრაჟზე ის ნამდვილი აგრესორია და შედარებით აქტიურია ვიდრე შუადღეს, მაგრამ შუა დღეზეც კი არ მისცემს უფლებას რაიმე ბრჭყვიალას მშვიდად ჩაინარნაროს გვერდით. შუადღეს იცვლება გატარების მეთოდი. თუ კი დილით ვთევზაობთ უბრალო გატარებით, საშუალო სიჩქარის ბრუნვით, შუადღეს არა ერთხელ გაამართლა უხეშმა ტვიჩინგმა. ამორტყმა, ძუის დახვევა და კიდევ ამორტყმა. დავაკვირდი რომ დილით ქარიყლაპია ძალიან ფრთხილობს. სხვა დანარჩენი სატყუარებიდან თამამად იგერიებს ვობლერს. საღამოს კი გაცილებით თამამია და უფრო ტრიალას ეტანება.
უნივერსალურ სატყუარად ტრიალას იყენებენ. რაზეც როგორც ქარიყლაპია ასევე ქორჭილაც მოდის. დავაკვირდი რომ ძალიან აქტიურია ის წვიმის დროს. როდესაც წყალსაცავი ჟანგბადით ივსება. წყლიდან ისე ამოხტება ხოლმე რომ გეგონება ჰაერში ჩიტს დაიჭერს. ასევე რუსი მოძმიდან განსხვავდება მისი ქვირითობის ვადები. ჩვენთან ქვირითობს თებერვალი-მარტში. რის შემდეგაც კიდევ 2 კვირა არ ნადირობს, არის ესეთი მოსაზრება რომ ავადმყოფობს, კბილებს იცვლის. ზუსტი მიზეზი არ ვიცი. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ხოლო შემდეგ მოშიებული, სასწაულ სანახაობას მართავს წყლის ზედაპირზე. მნიშვნელოვანია გაითავისოთ ერთი რამ ქარიყლაპიაზე შედეგიან თევზაობას, არა მარტო სწორად შერჩეული სატყუარა განაპირობებს, არამედ ცოდნა იმისა, თუ როგორ იქცევა ქარიყლაპია ნადირობის დროს. ეს არის მცირე ინფორმაცია ჩვენთან მობინადრე ქარიყლაპიის შესახებ. ხოლო უშუალოდ მასთან გაცნობა, მერწმუნეთ, სამუდამოდ ამოიტიფრება თქვენი შთაბეჭდილებების წიგნში.
სტატია ეკუთვნის: ზაზა ლალიაშვილი-ს.
ავტორის შესახებ


