მთის მდინარეში ერთი განსაკუთრებული სიჩუმეა. წყალი ხმაურობს, ქვებს ეჯახება, ხეებს შორის ქარი მოძრაობს, მაგრამ სადღაც ამ ყველაფრის მიღმა ყოველთვის არის რაღაც, რასაც თვალით ვერ ამჩნევ. შეიძლება სწორედ იქ, დიდი ქვის უკან იყოს კალმახი. ის დინებას პირდაპირ არ ებრძვის. თითქოს იცის, რომ მდინარესთან ბრძოლა უაზრობაა, საჭიროა მხოლოდ სწორი ადგილის პოვნა. ქვის უკან, სადაც წყალი ოდნავ მშვიდდება, ნაპირის ჩრდილში ან ჩაძირული მორის გვერდით კალმახი თითქმის უძრავად დგას და ელოდება. დინებას კი ყველაფერი მოაქვს. წყლის მწერი, ლარვა, პატარა კიბოსნაირი, ხანდახან პატარა თევზიც. კალმახს მხოლოდ სწრაფი მოძრაობა სჭირდება. ერთი ელვისებური გასროლა, პირის გაღება და ისევ თავის ადგილას ბრუნდება. ამიტომაც აქვს მას თავისი განსაკუთრებული ხასიათი გარედან მშვიდი, შინაგანად კი მუდმივად მზადყოფნაში.
კალმახის დაჭერა მხოლოდ თევზის დაჭერა არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთის პატარა მდინარეზე ხარ. იქ ყოველი ნაბიჯი ფრთხილი უნდა იყოს. წყალი გამჭვირვალეა, თევზს კი გაცილებით უკეთესი მხედველობა აქვს, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. ზოგჯერ ერთი დაუფიქრებელი მოძრაობა, მზის სხივზე გაკრთობილი ანკესი ან წყალში დაცემული ჩრდილი საკმარისია, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ნანატრი თევზი უბრალოდ გაქრეს. და მაინც, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კალმახს ყოველთვის ვერ ხედავ, უბრალოდ ხშირად მხოლოდ ის იცი, რომ იქ არის. ხედავ შესაფერის ადგილს, სწრაფი წყლის გვერდით პატარა მშვიდ ზონას, ღრმა ორმოს, გადმოხრილი ხის ფესვებს. აკვირდები რამდენიმე წამს და ელოდები. შემდეგ კი წყალი უცებ ფეთქდება. ისეთი სისწრაფით, რომ ზოგჯერ თვალიც ვერ ასწრებს. რამდენიმე წამში ყველაფერი ისევ მშვიდდება და მდინარე ისე მიედინება, თითქოს არაფერი მომხდარა. კალმახი კი სწორედ ასეთია, მდინარის უხილავი ნაწილი.
მისი შეფერილობაც თითქოს ამ ცხოვრების გაგრძელებაა. ზურგი მუქი, გვერდებზე ლაქები, წყლისა და ქვების ფერებთან შერწყმული სხეული. სხვადასხვა მდინარეში ნანახი კალმახები ერთმანეთისგან შეიძლება საგრძნობლად განსხვავდებოდნენ, ზოგი ვერცხლისფერი და ნათელია, ზოგი ოქროსფერი, ზოგი კი იმდენად მუქი, რომ ჩრდილში თითქმის ქრება. მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს, ის განსაკუთრებული, ფრთხილი მზერა. დიდი კალმახი უკვე სხვა ამბავია. ის აღარ არის ის პატარა თევზი, რომელიც ყველა შესაძლო საკვებს დასდევს. ასაკთან ერთად კალმახი უფრო გამოცდილი ხდება. იცის მდინარე, იცის საფრთხე და იცის ენერგიის დაზოგვაც. დიდი ინდივიდი შეიძლება საათობით იდგეს ერთ ადგილას და მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდოს. სწორედ ამიტომ დიდი კალმახი მეთევზისთვის უბრალოდ „დიდი თევზი“ არ არის არამედ ის არის გამოცდა თუ რამდენად კარგად წაიკითხე მდინარე. რამდენად ჩუმად მიუახლოვდი. რამდენად სწორად შეარჩიე სატყუარა. და საბოლოოდ, რამდენად გაგიმართლა იმ რამდენიმე წამში, როცა მდინარისა და მეთევზის გზები ერთმანეთს შეხვდა.
ალბათ ამიტომაც უყვართ კალმახი ასე ძალიან. მისი დაჭერის შემდეგ მდინარე ისევ იგივეა, წყალი ისევ მიედინება, ქვები ისევ სველია, ტყეში ისევ ქრის ქარი. მაგრამ შენთვის ის ადგილი უკვე სხვანაირი ხდება. იცი, რომ სადღაც იქ, იმ ცივ წყალში, ცხოვრობს თევზი, რომელიც შენზე ბევრად უკეთ იცნობს ამ მდინარეს. და შემდეგ ჯერზე, როცა იმავე ადგილას გაივლი, ალბათ ისევ შეჩერდები. იქნებ ისევ დგას იმ ქვის უკან. იქნებ გელოდება, ან საერთოდ არ გელოდება. კალმახი უბრალოდ თავის მდინარეში ცხოვრობს, ჩვენ კი მათთვის სტუმრები ვართ.