ყველა სტატია

კიბორჩხალას ჩხირები

კიბორჩხალას ჩხირები

რატომ არის ის ეფექტური სატყუარა ჩვენს წყლებში? საქართველოს მტკნარ წყლებში თევზჭერა ხშირად მოითხოვს კრეატიულ მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული სატყუარები ჭია, ბუღლუჯი, სიმინდი ყოველთვის აქტუალურია, ბოლო დროს მეთევზეებში სულ უფრო პოპულარული ხდება "კრაბის ჩხირები". ეს ეგზოტიკური არჩევანი რეალურად ლოგიკურ ბიოლოგიურ საფუძველზე დგას. რატომ მუშაობს კიბორჩხალას ჩხირი? მთავარი მიზეზი მისი შემადგენლობაა. კიბორჩხალას ჩხირები მზადდება სურიმისგან, ეს არის თეთრი თევზის ჩვეულებრივ ვირთევზასნაირთა დამუშავებული ფარში. შესაბამისად ძლიერი არომატი აქვს. წყალში მოხვედრისას ის გამოყოფს თევზის კონცენტრირებულ სუნს, რაც შორი მანძილიდან იზიდავს დეტრიტოფაგებსა და მტაცებლური ინსტინქტის მქონე თევზებს. მკვეთრი თეთრი და წითელი ფერების კომბინაცია წყალში კარგად ჩანს, რაც ვიზუალური სტიმულატორია. ამინომჟავები რომელიც ცილოვანი სტრუქტურაა, თევზისთვის ნოყიერ სიგნალს აგზავნის.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ სატყუარას მიმართ გულგრილი თითქმის არცერთი ადგილობრივი სახეობა არ რჩება. წვერა და ჭანარი, ეს თევზები ყნოსვით ნადირობენ. კიბორჩხალას ჩხირის სპეციფიკური სუნი მათთვის ძალიან მიმზიდველია, განსაკუთრებით მდინარის დინებაში. მურწა და ციმორი პატარა, მაგრამ აქტიური თევზები არიან, რომლებიც ხშირად პირველები რეაგირებენ ცილოვან სატყუარაზე. ხრამული კი მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მცენარეულობითა და პერიფიტონით იკვებება, ცილოვან დანამატზე უარს იშვიათად ამბობს, განსაკუთრებით გამრავლებამდე ან ცივ წყალში. კარჩხანასა და ნაფოტასთვის ტბებსა და დაგუბებულ წყლებში ეს სატყუარა ხშირად ჯადოსნურად მუშაობს, როცა სტანდარტულ პურსა თუ სიმინდს თევზი აღარ ეკარება. რადგან ფარგა მტაცებელი თევზია, მას პირველ რიგში თევზის სუნი და ვიზუალური მსგავსება იზიდავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას „კრაბს" ვეძახით, მისი ძირითადი შემადგენლობა სურიმია დაპრესილი თეთრი თევზის ფილე. ფარგა გრძნობს ამ ბუნებრივ ცილოვან სურნელს, რომელიც მისთვის ნაცნობი საკვების იდენტურია.

სატყუარის ეფექტურობა სწორ ჭრაზეა დამოკიდებული. უმჯობესია დაიჭრას მცირე ზომის, დაახლოებით 5-7 მმ-იან კუბიკებად. ეს ზომა ოპტიმალურია როგორც ნაფოტასთვის, ისე საშუალო ზომის წვერასთვის. რადგან კიბორჩხალას ჩხირი საკმაოდ რბილია, ნემსკავი ისე უნდა გაეყაროს, რომ წვერი ოდნავ გარეთ დარჩეს ან კანთან ახლოს იყოს. ძლიერი დინებისას ზოგი მეთევზე მას თხელ მარლაში ან სპეციალურ ბადეშიც კი ახვევს, რომ ნემსკავიდან არ ჩამოვარდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სენდვიჩის პრინციპი ანუ ნემსკავზე ჯერ ერთი კუბიკი კიბორჩხალას ჩხირი და შემდეგ ერთი თეთრი ჭია (მატლი) დააგოთ.

მთავარი გამოწვევა კი კიბოები არიან. თუ წყალსატევში ბევრი კიბოა, კიბორჩხალას ჩხირით თევზაობა ნამდვილ გამოცდად იქცევა. კიბოებს ძალიან უყვართ სურიმის სუნი. თუ იგრძენით, რომ ნემსკავზე მძიმე მაგრამ უხალისო წამოსვლებია და სატყუარა დაფლეთილი ბრუნდება, ეს ნიშნავს რომ ფსკერზე კიბოები გააქტიურდნენ. ასეთ დროს გამოსავალია სატყუარის ფსკერიდან ოდნავ აწევა ამ შემთხვევაში ტივტივით.

კიბორჩხალას ჩხირები არ არის მხოლოდ ექსპერიმენტი, ეს არის ბიუჯეტური და მაღალეფექტური ალტერნატივა. ის განსაკუთრებით კარგად მუშაობს გარდამავალ სეზონებზე გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა თევზს ცილოვანი საკვები ესაჭიროება. ასე რომ, შემდეგ თევზაობაზე ერთი შეკვრა კიბორჩხალას ჩხირი აუცილებლად ჩაიდეთ ჩანთაში, შედეგმა შეიძლება მოლოდინს გადააჭარბოს!

ავტორის შესახებ

მაცი ბუხრაშვილი

გამოქვეყნდა

მეთევზე მკვლევარი

მსგავსი სტატიები