ენციკლოპედია
დიდი მურტალა

ფოტო: caroline legg (CC-BY) · iNaturalist

დიდი მურტალა

Great crested grebe

Podiceps cristatus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

0.9–1.5 kg

📍

საქართველოში აღმოჩენილია 3,896 ჩანაწერი.

ხმა

call, song · Kerkini Lake, Greece · Stanislas Wroza (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1134998

აღწერა

დიდი მურტალა, ქოჩორა მურტალა (ლათ. Podiceps cristatus) — წყალმცურავი ფრინველი მურტალასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 46–51 სმ, ფრთების შლილი 85–90 სმ, მასა 568–813 გრამი. მურტალებს შორის ეს სახეობა ყველაზე დიდია. გამოირჩევა გრძელი კისრით და ნისკარტით, რომელიც მოვარდისფრო შეფერილობისაა. შეფერილია მოყვითალო-მურად: სხეულის ზედა ნაწილი მონაცრისფრო-ყავისფერია, ქვედა კი — თეთრი. სქესთა შორის განსხვავება არ არის. ზრდასრულ ფრინველს გამრავლების პერიოდში უვითარდება წაბლისფერი და შავი ბუმბულისგან წარმოქმნილი საყელო და შავი ბუმბულების ორი კონა თხემის გასწვრივ. ზამთარში საყელო უქრება და სახე თეთრ შეფერილობას ღებულობს, რომელთანაც კონტრასტს ქმნის თხემზე არსებული შავი ზოლი. ფრენისას მხრებსა და მეორე რიგის მომქნევებზე ნათლად ეტყობა თეთრი ლაქები. სხვა მურტალებთან შედარებით საბინადროდ საჭიროებს დიდი ზომის წყალსატევს. კარგად ყვინთავს. თითქმის მთელ დროს წყალში ატარებს. ფეხები სხეულის ბოლოსკენ აქვს, ამიტომ მიწაზე სიარული არ შეუძლია და გადაადგილდება მხოლოდ ხოხვით. თითები შემოვლებულია ფართო ლაპოტებით. გამოსცემს მრავალნაირ ხმას — „კეკ-კეკ“, „კიუიკ“, „კკუა“. წყლის ზედაპირიდან ასაფრენად დიდი ძალისხმევა სჭირდება, ფრენს დაბლა, დიდხანს. ბინადრობს წყალმცენარეებით მდიდარ ტბებზე, ჭარბწყლიან ჭაობებზე, მდორე მდინარეებზე, მდინარის ყურეებზე, დელტებსა და ზღვაზე. ბუდობს ტყისა და სტეპის ზონის როგორც მტკნარ, ისე მარილიან წყალსატევებზე.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მურტალასნაირნი
ოჯახი
მურტალასებრნი
გვარი
მურტალა
სახეობა
დიდი მურტალა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)